ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშებისთვის დაკავებული 8 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიმართ გირაო 20 000 ლარით განისაზღვრა, ფეხბურთელების მიმართ 10 000-ით, ხოლო გუნდის ხელმძღვანელის მიმართ 15 000 ლარით.
პროკურატურა რვავე დაკავებულის შემთხვევაში პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები კი აღკვეთის სახით გირაოს ითხოვენ.
დაკავებულთა შორის მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები არიან, გარდა ამისა ერთ-ერთი მათგანი ტოტალიზატორის წარმომადგენელიც არის.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები 10-დან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგის დასრულებისათვის. წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ონლაინ ტოტალიზატორებში, შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.