საქალაქო სასამართლოში საფეხბურთო თამაშების ჩაწყობის ბრალებით დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა რვავე დაკავებულის შემთხვევაში პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები კი აღკვეთის სახით გირაოს ითხოვენ.
დაკავებულთა შორის არიან ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები, ასევე ერთერთი ტოტალიზატორის წარმომადგენელი. ისინი სამართალდამცველებმა 2 დღის წინ აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები 10-დან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგის დასრულებისათვის. წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ონლაინ ტოტალიზატორებში, შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.