საჯარო მმართველობის სპეციალისტის, თემო მურვანიძის განცხადებით, „ბევრს საჯარო მოხელეობა ან რაიმე საქმის ხელმძღვანელობა მხოლოდ კაბინეტში ჯდომა და ჯიპით სეირნობა ჰგონია. არადა, თანამდებობა პრიზი კი არაა, რომლითაც კონკრეტული პიროვნება დააჯილდოვეს, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი გუნდისა და მოქალაქეების, სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობაა, ამიტომ ყველა მოხელე ვალდებულია, მაქსიმალურად დაიხარჯოს და თავისი ცოდნა და გამოცდილება საქმეს მოახმაროს. სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი პრეცედენტებით, როცა ვინმე მაღალ პოსტზე უარს თავად იმიტომ ამბობს, რომ კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, განებივრებულნი არ ვართ.“
მურვანიძის თქმითვე, „მმართველობაში ნეპოტიზმი საკმაოდ საშიში და არახელსაყრელი მოვლენაა,“ თუმცა საჯარო მმართვის სპეციალისტი გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში ამბობს, „ბოლო წლებში, ჩვენთან პრობლემების გაუანალიზებელი გაპიარება და არაკვალიფიციური კრიტიკაა დამკვიდრებული.“
„ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე მანკიერი, არასწორი სისტემა შექმნა და ადამიანებს პირდაპირ აშანტაჟებდა, რომ პარტიის აქციებზე მისულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს დაკარგავდნენ. სწორედ ეს მანკიერი პრაქტიკაა აღმოსაფხვრელი - საქართველოში პიროვნული თავისუფლება თითოეული ადამიანის დონეზე უნდა დამკვიდრდეს,“ - აცხადებს თემო მურვანიძე და დსძენს, რომ „დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევს.“
„მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მთავრობა მმართველობის სრულიად ახალ და თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს. „ნაციონალებს“, დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის მართვის უნარი არ ჰქონდათ და ხალხს ამიტომაც ებრძოდნენ!“ სწორედ ამიტომაც იყენებდნენ ტოტალიტარულ მეთოდებს. დიახ, სააკაშვილის მთავრობას უნარი არ ჰქონდა, ქვეყანა ძლიერი ოპონირების პირობებში ემართა, რასაც „ოცნების“ მთავრობა წარმატებით ახერხებს. ეს სახელმწიფო მმართველობის კუთხით კიდევ ერთი დიდი მიღწევა და ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად ახალი პრაქტიკაა,“ - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას თემო მურვანიძე და, როგორც საჯარო მმართვის სპეციალისტი, პრემიერს უმაღლეს შეფასებას აძლევს.
კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი, თემო მურვანიძე ამბობს, რომ „ეს სამთავრობო კრიზისი კი არა, ჯანსაღი და სრულიად გამჭვირვალე პროცესია.“ „ყველაფერზე ამდენი მოთქმა არ შეიძლება, ქვეყანა თითქოს თავზე გვენგრევა... არსებობს მთავრობა, არსებობს გამოწვევები და ქვეყნის აღმშენებლობა უფრო სწრაფი ტემპით რომ გაგრძელდეს, ყველაფერი გადახალისება-ოპტიმიზაციას ექვემდებარება,“ - აცხადებს თემო მურვანიძე.