თავდაცვის ყოფილი მინისტრს დავით თევზაძეს, თინა ხიდაშელის მიერ სამინისტროში მიწვევის საკითხზე ჯერ არ უფიქრია. როგორც მან ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა, სატელევიზიო განცხადების საფუძლეზე არაფერს გეგმავს.
ყოფილი მინისტრებისგან ერთგვარი კლუბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით დავით თევზაძე აცხადებს, რომ თინა ხიდაშელმა ეს კლუბი ჯერ უნდა შექმნას.
,,ჯერ შექმნას და მერე შევხედოთ”, - აღნიშნა თევზაძემ.
კითხვაზე - მოსწონს თუ არა ხიდაშელის ინიციატივა და გეგმავს თუ არა მასთან კონსულტაციებს, თევზაძე აცხადებს:
,,ტელევიზორში გაცხადებულით არაფერს არ ვაპირებ. მე როგორ უნდა დავგეგმო რამე, მინისტრი ის არის მან უნდა დაგეგმოს”.
შეგახსენებთ, თავდაცვის ახალმა მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრებს ერთგვარი კლუბის ჩამოყალიბება შესთავაზა.
,,ერთ-ერთი პირველი, რასაც ვგეგმავ, არის ის, რომ მე მინდა, თავდაცვის ყველა ყოფილ მინისტრს, ვინც საქართველოში იმყოფება და პროკურატურის აღრიცხვაზე არ არის აყვანილი, ვთხოვო, რომ მობრძანდნენ თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ ერთგვარი კლუბივით შევქმნათ, სადაც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პერიოდულად ერთად ვისაუბრებთ ხოლმე. იმიტომ, რომ ერთ რამეში ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ იმის მიუხედავად, როდის რა ხელისუფლება იყო, საქართველოში თითქმის ყოველთვის თავდაცვის ყველა მინისტრის მთავარი ამოცანა და ოცნება იყო საქართველო ნატოში,"- განაცხადა ხიდაშელმა.