„ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე პრეზიდენტის რეზიდენციაა. ამასთან, მიკვირს, პრეზიდენტის ინსტიტუტი ვისგან არის დასაცავი", - აცხადებს საჯარო მმართველობის სპეციალისტი თემო მურვანიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რეზიდენციის თემაზე გაჯიუტება გიორგი მარგველაშვილის მხრიდან კინკლაობაა და მეტი არაფერი
„არსებობს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მოვალეობები. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის ინსტიტუტი თვისობრივად და ბევრი კონკრეტული უფლებამოვალეობით წინა საპრეზიდენტო მოდელისაგან განსხვავდება, შესაბამისად, მისი ფუნქციებიც ბევრად ნაკლებია. ამასთან, არც ადმინისტრაციაა დიდი ამ ფონზე, საქართველოს ტიპის პატარა ქვეყნისთვის პრეზიდენტის ამხელა სასახლე ფუფუნებაა,“ - მიიჩნევს თემო მურვანიძე.
საჯარო მმართველობის სპეციალისტი, თემო მურვანიძე კიდევ ორ მორალურ მიზეზსს ასახელებს, რის გამოც მარგველაშვილი ავლაბრიდან ათონელის რეზიდენციაში უდა გადავიდეს: „9 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმი ბობოქრობდა და პრეზიდენტის ავლაბრის სასახელც სწორედ ამ რეჟიმის სახე ისევე, როგორც რაიხსკანცელარიის შენობა ჰიტლერის რეჟიმის სიმბოლოდ ითვლებოდა.“
გარდა ამისა, როგორც თემო მურვანიძე ამბობს, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ გუნდზე დაყრდნობით გახდა.
„გუნდური პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი იყო, რომ სააკაშვილის სასახლეშიარ შევიდოდა. მარგველაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი რომ ყოფილიყო, ავლაბრის სასახლეში მისი დარჩენის მოტივაცია უფრო გასაგები იქნებოდა. ახლა კი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მორალურადაა ვალდებული, ავლაბრიდან ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს,“ - ამბობს თემო მურვანიძე.