ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის მიუხედავად, "მწვანეთა პარტია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მაინც აპირებს - "მწვანეები" ნიკა ივანიშვილის "სახალხო დემოკრატებს" უერთდებიან.
კოალიციის შექმნის თაობაზე პარტიების ლიდერებს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
"არჩევნებში მონაწილეობას მაინც მივიღებთ, ნებისმიერი ფორმით და არავის მივცემთ ჩვენი პარტიის ბლოკირების უფლებას", - აცხადებს "მწვანეების" ლიდერი გია გაჩეჩილაძე.
მისივე განმარტებით, კოალიციის შექმნის თაობაზე ნიკა ივანიშვილის პარტიის გარდა, მან შემოთავაზება სხვა პოლიტიკური ძალებისგანაც მიიღო, თუმცა აქვე აცხადებს, რომ "სახალხო დემოკრატები", როგორც ახალი პოლიტიკური სუბიექტი, მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "მწვანეთა პარტიას" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო რეგისტრაციაზე უარი უთხრა. როგორც ცესკოში აცხადებენ, ამის მიზეზი "მწვანეების" მიერ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის უზუსტობა იყო.