23 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარსადგენ კანდიდატებს დაასახელებს. ასევე ბანკ „რესპუბლიკის“, „ჯეოსელისა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ესსეების კონკურს ”წიგნიერის” გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად 2 კანდიდანს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშ დოლარი ან 525 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებულნი იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაცები.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ბანკ „რესპუბლიკასა" და კომპანია „ჯეოსელთან" პარტნიორობით ჩაატარა ლიტერატურული ესსეების კონკურსი „წიგნიერი". კონკურსში მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
23 აპრილს 15:00 საათზე კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკისგან, ასევე „ჯეოსელისა" და ბანკი „რესპუბლიკისგან" სპეციალურ პრიზებს მიიღებენ.
„წიგნიერი" ყოველწლიურად ჩატარდება და მასში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება.