დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად საკუთარი სახლი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათგან უმეტესობამ თავი უკრაინის სხვა რეგიონებს შეაფარა.
ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.
,,ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, 2015 წლის 16 აპრილისთვის თავშესაფრის ან სხვა ქვეყანაში ლეგალური სტატუსის მიღების თხოვნით განცხადება 800 961- მა უკრაინელმა დაწერა. 660 ათასი უკრაინელი ლტოლვილი რუსეთში, ხოლო 81 ათასი - ბელორუსიაში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული. უკრაინის სხვადასხვა რეგიონს თავი 1 228 000-მა ადამიანმა შეაფარა.” - ნათქვამია დოკუმენტში.
გაერო-ს წარმომადგენლების განცახდებით, ეს მონაცემები 15 ათასით აღემატება ერთი კვირის წინ არსებულ სტატისტიკას.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 2014 წლის აპრილიდან დღემდე 6100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო, 15 400-ზე მეტი - დაიჭრა.