ფესტივალის ორგანიზატორები და თბილისის მერიის წარმომადგენლები ხვალ 12 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში (გუდიაშვილის # 7) პრესკონფერენციას გამართავენ.
2015 წლის 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ქალაქის საფესტივალო ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის.
ტრადიციულად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე პროფესიული გუნდები უცხოეთიდან.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის კამერული გუნდი, რომელიც განსხვავებულ და საინტერესო პროგრამას სთავაზობს მსმენელს, პოლონეთის გუნდის გამოსვლა წარმოდგენილი იქნება პერფორმანსის სახით. ასევე ჩამოდიან მუსიკოსები ციურიხიდან, რომლებიც ითანამშრომლებენ საქართველოს სახელმწიფო კაპელასთან .
თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 22 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში. საფესტივალო კონცერტები გაიმართება რუსთაველის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში, თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლაში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თბილისის კონსერვატორიასა და მეექვსე საავტორო სკოლაში.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივი, გაიმართება 2015 წლის 2 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში და ბოლო ნომრად, ტრადიციულად, გუნდები ერთად შეასრულებენ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებს.