საქართველოს პარლამენტის წევრის, სერგო რატიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, რომლის მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმციროს საგადასახადო ტვირთი, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას.
პარლამენტის ინფორმაციით, წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია შემდეგი შენიშვნები და წინადადებები:კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ცვლილების განხორციელება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე და 202-ე მუხლებში. ამ ცვლილებების მიხედვით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც რეინვესტირდება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში“.
კომიტეტი ეთანხმება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმცირდეს საგადასახადო ტვირთი. კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა გათავისუფლდნენ როგორც მოგების, ისე ქონების გადასახადისაგან.
„მისასალმებელია, რომ მთავრობა უკვე მუშაობს ამ საკითხის საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაზე. უფრო მეტიც, სახელმწიფომ მომავალში სრულად უნდა იტვირთოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არის დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ, მათზე ასეთი შეღავათების გავრცელება მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ ამ ნორმის კანონპროქტში შეტანა გაუმართლებელია. გარდა ამისა, კანონპროექტში უნდა დაზუსტდეს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის ანალოგიურ ნორმებთან“, - აღინიშნა კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მიუღებლად ცნო იგი.