იუსტიციის მინისტრი დაბა თიანეთს ესტუმრა და იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა.
იუსტიციის მინისტრთან ერთად თიანეთში იმყოფებოდა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტაბიძე.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” სამინისტროდან აცნობეს თიანეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამავე პერიოდში გაიხსნება ფილიალები ყაზბეგსა და ბორჯომში, კიდევ სამ ქალაქში − ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში კი, იუსტიციის სახლების მშენებლობა დაიწყება.
დღეისათვის იუსტიციის სახლის 13 ფილიალი, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს და დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.