შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის დაცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს.
მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დილით, გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპერციალური ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი შალვა აბულაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.
შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.