პოლონელმა ექსპერტებმა 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ,,შავი ყუთის” ჩანაწერებში, პილოტთა კაბინაში გამართული საუბრის 30 %-ზე მეტი სიტყვების გარჩევა შეძლეს.
გაშიფრული მონაცემებიდან ირკვევა, რომ პოლონეთის საჰაერო ძალების მაშინდელი მეთაური ანჯეი ბლასიკი კაბინაში ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ლაინერის დაშვებას გამუდმებით ითხოვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიო радио RMF.FM. ავრცელებს.
,,ახალი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ საჰაერო ძალების მეთაური ბოლომდე პილოტთა კაბინაში იმყოფება და ,,მესამე პირები” ეკიპაჟს გამუდმებით უშლიან ხელს.” - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, ასევე, რომ ახალი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც პოლონური, ისე რუსული მხარის საგამოძიებო კომისისების მიერ გამოყენებული მასალებისგან.
კერძოდ, გაირკვა, რომ ანჯეი ბლასიკი დაჟინებით ითხოვდა თვითმფრინავის დასმას და ფინალურ სტადიაში ეკიპაჟის მეთაურს ეუბნებოდა, რომ მას დასაფრენ ბილიკზე ხომალდი წესიერად დაესვა.
ესპერტებმა ისიც დაადგინეს, რომ ფრენის ბოლო 20 წუთის განმავლობაში, ეკიპაჟის წევრებმა მფრინავთა კაბინაში მყოფ პირებს სიჩუმისკენ 7-ჯერ მოუწოდეს, სტიუარდესამ კი ვიღაცას ლუდიც შესთავაზა და ის პიროვნებაც დასთანხმდა.
პოლონელმა ექსპერტებმა მეტი სიტყვის გაშიფვრა ,,შავი ყუთის” ჩანაწერების ახალი ასლის გამოყენებით შეძლეს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაკეთდა.
მათი თქმით, ,,შავ ყუთში” არსებული ხმის ჩამწერი ლენტი მწარმოებლის სტანდარტებს არ პასუხობდა, ამიტომაც მასზე მომუშავე ექსპერტთა ყველა ჯგუფმა ჩანაწერის გასაშიფრად შეცდომით ისეთი პარამეტრები გამოიყენა, რაც მის სიხშირეს არ შეესაბამებოდა.
პოლონეთის ოპოზიციურმა პარტიამ, ,,უფლება და სამართლიანობა,” რომელსაც ყოფილი პრზიდენტის ლეჰ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი მეთურობს, სმოლენსკის ტრაგედის 5 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ინფორმაციის ,,კონტროლირებულად გაჟონვის” გამო ხელისუფლება გააკრიტიკა.
,,ეს, უბრალოდ, ამაზრზენია. ვიღაც სამარცხვინოდ თამაშობს სმოლენსკის კატასტროფით და ემოციების გამძაფრება სურს.” - აცხადებს პარტიის სპიკერი მარცინ მასტალერკი.
იაროსლავ კაჩინსკის პარტია ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ავიაკომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, თითქოს დაღუპულების, მათ შორის გენერალ ბლასეკის სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩინეს, არის უაზრობა და დანაშაულის პოლონეთის მხარეზე გადაბრალება.
შეგახსენებთ, თვითმფრინავი Ту-154М, რომელშიც პრეზიდენტ ლეჰ კაჩინსკის მეთაურობით პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა, 2010 წლის 10 აპრილს ქალაქ სმოლენსკის სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს ჩამოვარდა.
ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.