პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 2030"-ში განაცხადა.
ივანიშვილის აზრით, მარგველაშვილი პრაქტიკულად არაფერზე აგებს პასუხს და მას აქვს ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია, რომ კაცს მოსთხოვ.
„შესაბამისად, ყველა კითხვისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალია და შეუძლია, გამაერთიანებლის როლიც ითამაშოს, არბიტრის როლიც. მის სიტყვას უნდა ჰქონდეს მთავარი ძალა და დატვირთვა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ვერ დაიკვეხნის. მე რამდენჯერმე მქონდა გამოსვლა და მივანიშნე მის პოლიტიკურ არაკორექტულობაზე, როდესაც არჩევნებიდან მეორე დღესვე დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს, რომელმაც მოიყვანა პრეზიდენტად. მსგავსი შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ გაიხსენოთ. დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო _ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად გამომჟღავნდა, როცა "თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობას გამოეყვნენ. მანამდე მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა და ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა პეტრიაშვილთან. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და რიგგარეშე სხდომაც დაუნიშნა", - განაცხადა ივანიშვილმა.