პოლიციელებზე თავდამსხმელის ფოტო გავრცელდა. საგამოძიებო უწყებები საზოგადოებას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგანაც დამნაშავე შეიარღებულია. როგორც პროკურატურისა და შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეჭვმიტანილი წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა. თუ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ფლობთ, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე. კონფიდენციალობა დაცული იქნება. 4 აპრილს ისანი–სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჯავახეთის ქუჩაზე ერთ-ერთი მოქალაქე შესამოწმებლად გააჩერეს. მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. 5 აპრილს, გამთენიისას ეჭვმიტანილის ადგილ-სამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას ეჭვმიტანილი თბილისში წულუკიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს. მან პოლიციელებს ისევ გაუხსნა ცეცხლი და მიიმალა. შალვა აბულაძე მიმდინარე წლის 23 იანვარს, ბორჯომში პოლიციის თანამშრომლების, გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.