,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეშფოთებულია გუშინ მომხდარი პოლიციელის საზარელი მკლელობის გამო და სამძიმარს უცხადებთ ბექა მარგიშვილის ოჯახს, მის ნათესავებს, კოლეგებს.
,,ეს ფაქტი მეტყველებს კრიმინალური ვითარების დამძიმებაზე, კრიმინალური სამყაროს თავაშვებულობასა და დაუსჯელობაზე, რაც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მთავრობის მიერ კრიმინალებისათვის ხელის დაფარებამ და პოლიციის დასუსტებისაკენ გადადგმულმა უგუნურმა ნაბიჯებმა გამოიწვია დაუსჯელობის განცდის ახალი აღზევება კრიმინალში”, _აცხადებენ პარტიაში.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი, ბექა მარგიშვილი დაიღუპა. ვალერიან გრძელიშვილს კი მკურნალობა უტარდება.