სახალხო დამცველის პრევენციის ჯგუფს საპატიმრო დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება. პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებში კი პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. ცვლილება "პატიმრობის კოდექსის" პროექტში მეორე მოსმენისას შევიდა. ახალი რეგულაციებით, 20 დან 14 დღემდე მცირდება პატიმრების სამარტოო საკანში განთავსების მაქსიმალური ვადა. მსჯავრდებულების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტებს აღარ გამოიყენებენ. სასჯელარსრულების დეპარტამენტი კი პენიტენციურ დეპარტამენტად გადაკეთდება.