ურალის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვადიმ მიასნიკოვი 31 მარტს აფხაზეთში მდებარე რიწის ტბაში დაიხრჩო.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევ კვიწინიამ აუწყა.
კვიწინიას თქმით, მიასნიკოვი ტბაში 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაიხრჩო. მას მერე, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მყვინთავები მუშაობენ, თუმცა უშედეგოდ. ცხედრის აღმოჩენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
46 წლის ვადიმ მიასნიკოვი რიწაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.
კვიწინიას განცხადებით, მომხდარის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას უკვე შეატყობინეს და დახმარებაც თხოვეს.
,,ტბის სიღრმე ზოგან 100 მეტრს აღწევს. ამასთან, რიწის ფსკერი ათწლეულების განმავლობაში არ გაწმენდილა, ამიტომ სამძებრო სამუშაოები მნიშვნელოვნად გართულებულია. ჩვენ რუსეთის მხარეს ვთხოვეთ, მოგვაწოდოს უპილოტო ტექნიკური საშუალება, რომელიც ცხედრის სწრაფად აღმოჩენაში დაგვეხმარება.” - აღნიშნა კვიწინიამ.