ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, მოსამართლემ პროცესის გადადების მიზეზად მტკიცებულებების ნუსხაში არსებული ტექნიკური უზუსტობები დაასახელა და მხარეებს მის გამოსაწორებლად ვადა 15 აპრილამდე მისცა.დაცვის მხარის ადვოკატის ლევან სამუშიას განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო შუამდგომლობების დაყენება, მათ შორის, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.