ოკუპირებული აფხაზეთის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც კომპანია ,,ჩერნომორენერგოს” ყოფილი ხელმძღვანელის რეზო ზანთარიას სასარგებლოდ იყო გამოტანილი.
ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურა მას უფლებამოსილების გადამეტებაში, თანხების მითვისებასა და არამიზნობრივ ხარჯვაში და შპს ,,ენგურჰესის” საქართველოს მხარისთვის გადაცემაში ადანაშაულებდა.
სოხუმის სასამართლომ, გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ორი თვის წინ ზანთარია უდანაშაულოდ სცნო.
ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ საქმე საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა კომპანიის ყოფილი გენდირექტორი ამ უკანასკნელმა ინსტანციამაც გაამართლა და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ შეცვალა.