,,პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან - ევროპულ სახელმწიფომდე' - შარშან პარლამენტში, სწორედ ასე განვსაზღვრე უახლოესი მომავლის პოლიტიკური ამოცანა. წელს კი ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის”, _განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, საქართველო ისტორიულად და კულტურულადაც ევროპის შემადგენელი ნაწილია.
,,ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ - არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ - საუკუნეთა განმავლობაში მის ღირებულებათა დამცველი და მისი ქმნადობის აქტიური მონაწილეც. შესაძლოა სხვა ევროპულ ერებზე მეტიც გვიბრძოლია ამ ღირებულებებისათვის - ჩვენ ხომ ისტორიული კატაკლიზმების თუ გეოგრაფიული სიშორის გამო, ხშირად მოკავშირეების გარეშე, მარტოს გვიწევდა ამ ფასეულობათა დაცვა. ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის: ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ეს ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი - დიადი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი, და მაშასადამე - ევროპელი მოქალაქე.ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა, როდესაც, მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ - ევროპას და დასავლეთს სჭირდება განვითარებული, დემოკრატიული საქართველო”, -აღნიშნა პრეზიდენტმა.