ხვალ, 1-ელ აპრილს საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს დაკავებული 5 თანამშრომლების საქმის განხილვა გამართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განმარტა პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული და მას თავად ბრალდებულებიც დაესწრებიან.
,,ბრალდებულებიც დაესწრებიან სხდომას, რომელიც ძალიან მოტივირებულები არიან და აქვთ სამართლიანობის იმედი”, _აცხადებს ადვოკატი ლევან სამუშია.
მისივე განმარტებით, სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
,,რამდენიმე შუამდგომლობა გვექნება და კონკრეტულად რა სახის იქნება ამ ეტაპზე წინასწარ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე ვერ გეტყვით”, _განაცხადა სამუშიამ.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.