დღეს, 31 მარტს 16:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ დაფინანსებული პროექტის – „მაზანდარანის (ირანის ისლამური რესპუბლიკა) პროვინციის ქართული წარმოშობის მოსახლეობის მეტყველება, ყოფა-ცხოვრება და კულტურა“ – ფარგლებში ჩატარებული ექსპედიციების შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
ირანში ქართველთა დასახლებების, მათი მატერიალური და სულიერი კულტურის კვლევა-ძიების აუცილებლობის საკითხი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დადგა, რაც იმ ხანის პერიოდულ გამოცემებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებშიც აისახა.
ირანში ქართველთა დასახლებებიდან მეცნიერთა ყურადღების ქვეშ ექცეოდა ცენტრალური ირანის პროვინციებში ჩასახლებული ქართველების ეთნოლინგვისტური, ისტორიული და დემოგრაფიული მასალის აღნუსხვა და შესწავლა. ამ მხრივ არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა შეიქმნა. მაზანდარანში არსებული ქართული წარმომავლობის მოსახლეობის მეტყველება, ყოფა და კულტურა დღემდე ნაკლებადაა შესწავლილი.
„შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ დაფინანსებული პროექტის – „მაზანდარანის (ირანის ისლამური რესპუბლიკა) პროვინციის ქართული წარმოშობის მოსახლეობის მეტყველება, ყოფა-ცხოვრება და კულტურა“ – ფარგლებში, 2014 წლის აგვისტოსა და 2015 წლის თებერვალში შედგა სამეცნიერო ექსპედიცია მაზანდარანში, კერძოდ ქ. ბეჰშაჰრის გარშემო მდებარე ქართველებით დასახლებულ სოფლებში.
ჯგუფის შემადგენლობა: პაატა ჯაფარიძე (პროექტის ხელმძღვანელი), თამარ დემეტრაშვილი, გრიგოლ ბერაძე, ზვიად ცხვედიანი, გიორგი გოცირიძე.
დასწრება თავისუფალია