უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსს, სერგეი ბოჩკოვსკის, რომელიც 25 მარტს უკრაინის მთავრობის სხდომაზე დააპატიმრეს, ხვალ გაათავისუფლებენ.
ასეთი გადაწყვეტილება გამომძიებელმა მოსამართლემ ირინა ლიტვინოვამ პროკურორ ანდრეი შევჩენკოს შუამდგომლობაზე დაყრდნობით მიიღო.
დაკავებული ბოჩკოვსკის ადვოკატის თქმით, პროკურორის შუამდგომლობა იმაზე მოწმობს, რომ საქმის დეტალებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს.
ადვოკატის განცხადებით, ბოჩკოვსკის წინასწარპატიმრობის 72 საათიანი ვადა ხვალ შუადღისას ეწურება. პროკურორის მიერ შუამდგომლობის დაყენება კი იმაზე მოწმობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვალ გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, 25 მარტს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი სერგეი ბოჩკოვსკი და მისი პირველი მოადგილე ვასილი სტოეცკი ვიდეოკამერების თანდასწრებით დააკავეს.
მათ ორგანიზებულ კორუფციულ დანაშაულებსა და ფინანსურ მაქინაციებში ედებათ ბრალი.