ვარშავის საოლქო სამხედრო პროკურატურამ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენკში პრეზიდენტ ლეჰ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში ორი რუსი კონტროლიორი დაადანაშაულა.
ამის შესახებ დღეს, ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საოლქო სამხედრო პროკურატურის თავმჯდომარემ ირენეუშ შელენგმა განაცხადა.
,,პირველ მათგანს ბრალი საჰაერო მიმოსვლაში გარდაუვალი კატასტროფის საფრთხის შექმნაში, ხოლო მეორეს - კატასტროფამდე გაუფრთხილებლობით (შეუგნებლად) მიყვანაში ედება.” - განაცხადა შელენგმა.
მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეების ევროპული კონვენციის საფუძველზე, პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეებს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ აცნობა და ეჭვმიტანილების სახით მათი დაკითხვის საკითხი დასვა.
ვარშავის საოლქო სამხედრო პროკურატურის თავმჯდომარის თქმით, საქმის გამოძიება 2015 წლის 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, თვითმფრინავი Tu-154M, რომელშიც პრეზიდენტ ლეჰ კაჩინსკის ხელმძღვანელობით პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა.
ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან ყველა ადგილზე დაიღუპა.