,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი ე.წ. ,,კაბელების საქმის” შეფასებისას აცხადებს, რომ რეალურად თვითონ პროკურატურასვე ეპარება ეჭვი იმ საქმეში, რაც მათ გააჩნიათ.
ჩიქოვანი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გადასცემია, რაც კანონმდებლობის უპირობო მოთხოვნაა.
,,ადვოკატებმა პირდაპირ მიუთითეს იმის თაობაზე, რომ მათთვის გადაცემულია მხოლოდ მტკიცებულებათა ნუსხა და რეალური მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარისათვის, რაზეც უპირობო მოთხოვნა არსებობს. აქვე დავამატებ, რომ პროკურატურამ გუშინ ღამე დანიშნა ექსპერტიზა იმ კითხვებითა და იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც რეალურად დაკავებული იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ბრალი ედებათ ე.წ. კაბელების საქმეში. ნათლად ჩანს, რომ რეალურად თვითონ პროკურატურასვე ეპარება ეჭვი იმ საქმეში, რაც მათ გააჩნიათ და ის ექსპერტული დასკვნა, რის საფუძველზეც თავის დროზე ეს საქმე შეითითხნა, არის უსაფუძვლო. რაც შეეხება მოტივს, საქმეში მოტივი კვლავ არ არსებობს და არ არსებობს რეალური ბრალდება. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ეს არის პოლიტიკური მიზანი", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, პროკურორი ადვოკატებისგან ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას თხოვა იმის ნიშნად, ვითომ დაცვის მხარეს მტკიცებულებეი გადაეცა.
მისი თქმით, ეს მათი შეურაცხყოფაა და ამის გაკეთება კანონის დარღვევა იქნებოდა.
თუმცა საგამოძიებო უწყება ამ ფაქტს უარყოფს.
პროკურატურის თქმით, მათ მტკიცებულებთა იმ ნუსხაზე ხელის მოწერა ითხოვეს, რაც სხვადასხვა დროს ადვოკატებს მიღებული აქვთ.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომლის მიმართ წინასწარი გამოძიება უკვე დასრულდა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მომავალი კვირიდან იწყება.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომლის მიმართ წინასწარი გამოძიება უკვე დასრულდა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მომავალი კვირიდან იწყება.