თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ყოფილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი რომელზეც იგი საუბრობს რეალურად არ არსებობს.
,,მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს, ამის მერე გავაკეთებ განცხადებას. ჭორაობის საგანი გახდა ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებულია. ვფიქრობ, თუ რაიმე სხვა ხელშეკრულებას გულისხმობს ბატონი ალასანია, უნდა დააზუსტოს. როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ფიგურა, საჭიროა მასში იყოს მეტი სიცხადე და სიზუსტე. ეს განცხადება იყო არაზუსტი და არაკორექტული. სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს, ”, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ.
მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს, არც დღეს წარმოადგენს, ის იყო კომუნიკატორი, ხოლო გადაწყვეტილება მოწოდებული იყო პრემიერ-მინისტრის სახელით, - აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ გააკეთა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთში ვიზიტისას საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების გადმოცემაზე მოლაპარაკებისას მინდია ჯანელიძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ შესაბამის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
ალასანიას თქმით, მას მიაჩნია, რომ პროექტის შეჩერება ჯანელიძისთვის მისაღები არ იყო.
"როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, როდესაც მანამდე ეს ყველაფერი უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული, არასწორი მითითებას არ დავემორჩილე და შეთანხმებას ხელი მოვაწერე. თუკი საქართველოს აქვს შანსი იმის, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, ეს იმის წყალობითააა რომ, შეთანხმება გაფორმდა", - განაცხადა ირაკლი ალასანაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით არის გარკვეული ვადები, რომელიც ჯერ არ გასულა, თუმცა დარღვევის შემთხვევაში, ის გამოვა და საზოგადოებას აცნობებს.