უკრაინაში მიღწეულ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვეტს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბალტიისპირეთის, პოლონეთის ან სხვა ქვეყნების ტერიტორიისკენ ნაბიჯების გადადგმას.
ამის შესახებ გაზეთ Dziennik Gazeta Prawna - სთან ინტერვიუში ამერიკელმა ექსპერტმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს ექს-პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა.
,,თუ რუსეთისთვის უკრაინის ომი იოლ საომარ წარმატებად და გამარჯვებად იქცევა, მაშინ, უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს მის ქმედებებს ბალტიის ქვეყნების მიმართულებით. მორიგი ცეცხლის კერები შეიძლება მოლდოვაში, საქართველოსა და აზერბაიჯანშიც წარმოიქმნას.” - აღნიშნა ბჟეზინსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა უკრაინისთვის დახმარების გაწევა და იარაღით მომარაგება.
რაც შეეხება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას, ბჟეზინსკის აზრით, ეს აუცილებელი არ არის, თუმცა, ამავე დროს, ევროკავშირის შემადგენლობაში მის მიღებას მხარს უჭერს.
,,მაგრამ მანამდე კიევს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.” - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.
მისი თქმით, ნატოს-სა და ევროკავშირში უკრაინის ერთდროულად გაწევრიანება რუსეთისთვის საკმაოდ ,,ძლიერი ალიყური” იქნებოდა.
,,საუბარი იმაზე არ არის, რომ რუსეთი არ უნდა გავღიზიანოთ, საუბარია იმაზე, რომ ვითარება უარესად არ უნდა გავამწვავოთ.” - აღნიშნა მან.