პეტრო პოროშენკო დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციას ოლიგარქ კოლომოისკის კადრებისგან წმენდს. რამდენიმე საათის წინ გუბერნატორის მოადგილის პოსტი სვიატოსლავ ოლეინიკმა დატოვა. "ჩვენ ერთი გუნდით მოვედით და ერთად წავალთ. ეს ჩვეულებრივი, ნორმალური ლოგიკაა,"-განაცხადა სამსახურიდან დათხოვნილმა ოლეინიკმა. დაპირისპირება პრეზიდენტსა და ოლიგარქ კოლომაისკს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა რადამ "უკრტრანსნაფტის" ხელმძღვანელი თანამდებობიდან ოლიგარქის მფარველობაში მყოფი ალექსანდრ ლაზორკო გადააყენა. ამის შემდეგ კომპანიის ოფისში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, თუმცა ვითარება მილიციამ კონტროლქვეშ აიყვანა. კოლომაისკი ირწმუნებოდა, რომ "უკრტრანსნაფტის" მოვლენებთან კავშირი არ ჰქონია, მაგრამ შენობის შტურმისას ის ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. მწყობრიდან გამოსულმა ოლიგარქმა პრესის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენა, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა. დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ კოლომოისკი პოროშენკომ დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტიდან გადააყენა.