კიევში "უკტრანსნაფტის" სათაო ოფისს მილიცია აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა იულია მუსტაშმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და თანამშრომელთა უსაფრთხოებაც სათანადოდ არის დაცული. კომპანიის ოფისში შეიარაღებული პირები გვიან ღამით შეიჭრნენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობა ბატალიონ "დნეპრ 1"-ის მებრძოლებმა დაიკავეს, რაც ოფიციალურმა კიევმა არ დაადასტურა. უკრაინული მედიის ცნობით, შენობაში შეჭრა ცნობილი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის ბრძანებით განხორციელდა, რომლის მფარველობაში მყოფი ალექსანდრ ლაზორკოც კომპანიის საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა.