საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში ქვეითი, მექანიზირებული და საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ რაგბის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. წელს პირველად გამოიყვანა გუნდი სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადამ. თამაშები ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს IV და V ბრიგადები დაუპირისპირდნენ. თამაში V ბრიგადის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ფინალში ერთმანეთს I და III ქვეითი ბრიგადები შეერკინენ. დაძაბულ ბრძოლაში I ქვეითმა ბრიგადამ მოწინააღმდეგე ანგარიშით 17:14 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ჩემპიონატის დასასრულს გამარჯვებულებს სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი სერთიფიკატები, მედლები, ხოლო პირველადგილოსან I ქვეით ბრიგადას ჩემპიონის თასიც გადაეცათ. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა IV მექანიზირებული ბრიგადის კაპრალი ნიკა წიკლაური, რომელმაც 17 გარდასახვა შეასრულა.
სპორტული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით მოეწყო. გუნდების მომზადებაში საქართველოს რაგბის კავშირის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდის „არმია“ მწვრთნელები მონაწილეობდნენ. ტურნირს საქართველოს რაგბის კავშირიდან მოვლენილი არბიტრები აკვირდებოდნენ.