"ნოვაია გაზეტა" ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავების დეტალებს ახმაურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, ზაურ დადაევი ჩეჩნეთში მოსკოვიდან 28 თებერვალს ჩაფრინდა. იმავე დღეს ჩეჩნეთში ჩავიდა მეორე ეჭვმიტანილი ანზორ გუბაშევიც, მისმა უმცროსმა ძმამ კი გროზნოში ჩასვლა დააგვიანა, რადგანაც მანქანით მგზავრობდა. როგორც "ნოვაია გაზეტა" ირწმუნება, იმავე პერიოდში ინგუშეთში ფსბ-ს სპეცრაზმი შევიდა, რაც არ გახმაურებულა. 5 მარტს ზაურ დადაევი ინგუშეთში თანაბატალიონელ რუსტამ იუსუპოვთან ერთად ნარკოტიკების შესაძენად გაემგზავრა. ისინი ეკაჟევოს რაიონში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა დააკავა. სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორის ტელეფონი ისმინებოდა. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მალე ჩეჩნეთიდან ფსბ-მ მათი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ ფსბ-ს სპეცრაზმელები ინგუშეთის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ, დაკავებულებს თავზე ტომრები ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. პოლიციისთვის მათ არანაირი განმარტება არ მიუციათ. ძმები გუბაშევები კი შემდეგ დღეს დააპატიმრეს. მათთან ერთად პოლიციამ ხამზატ ბახაევიც აიყვანა.