რიჩარდ ნორლანდს საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტზე სავარაუდოდ იან კელი შეცვლის. მისი კანდიდატურა სენატს თეთრი სახლის ლიდერმა ბარაქ ობამამ წარუდგინა.
საკადრო დიპლომატი წლების მანძილზე დიპლომატიურ უწყებაში რუსეთის მიმართულებას კურირებდა. 2007-2009 წლებში კელი სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს ხელმძღვანელობდა, 2010-2013 წლებში კი ეუთოში შეერთებული შტატების წარმომადგენელი იყო. ამჟამად ის ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშაობს.
დიპლომატიური მოღვაწეობა კელიმ 1985 წელს დაიწყო, მანამდე კი კოლუმბიის უნივერსიტეტში რუსულ ენას სწავლობდა. დიპლომატი რამდენიმე წელი რუსეთსა და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე, იუგოსლავიაში მუშაობდა.
პროცედურის თანახმად, მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.