ანტირუსული სანქციების საკიხში თავის გადაწყვეტილებებს ტოკიო დიდი შვიდიანის წარმომადგენლებს შეუთანხმებს.
ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ტოკიოში განაცხადა.
,,ჩვენ გერმანიასთან და დიდი შვიდიანის სხვა ქვეყნებთან ერთად დავაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ადეკვატურ ზომებს მივიღებთ.” - აღნიშნა აბემ.
მისი თქმით, იაპონია იზრუნებს იმაზე, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საქმეში ,,კონსტრუქციული წვლილი” შეიტანოს.
რაც ეეხება დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებას, სინძო აბემ განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გამო, ამჟამად ისინი რუსეთთან ამ შინაარსზე საუბრისთვის მზად არ არიან და რუსეთიც იმავე პოზიციაზეა.
,,მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან დიალოგი გაგრძელდეს. ამისთვის კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კონკრეტული და თანმიმდევრული განხორციელება არის აუცილებელი.” - დაამატა აბემ.
შეგახსენებთ, იაპონია პირველია აზიის ქვეყნებიდან, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიღებას უჭერს მხარს.