მადრიდის რეალის მთავარი მწრთვნელი ატლეტიკოსთან განცდილ მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს. კარლო ანჩელოტის თქმით, გასვლით შეხვედრაზე გუნდმა ცუდად ითამაშა, რაშიც ბრალი მასაც მიუძღვის. "მე არ მჯერა იმ მწრთვნელების, რომლებიც პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ. რა თქმა უნდა, წაგებულ შეხვედრასა და გუნდის ცუდ თამაშზე პასუხისმგებლობა მწრთვნელს ეკისრება, მაგრამ ეს დასასრული არაა. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ. პრობლემები ძირითადად შეტევაში გვაქვს და ამ პრობლემის მოგვარებას შევეცდებით,"-აღნიშნა ანჩელოტიმ. სამეფო კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად ატლეტიკოსთან წააგო, რითაც კატალონიურ ბარსელონას დაწინაურების საშუალება მისცა. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები "რაიო ვალიეკანოს" დაამარცხებენ, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცევიან.