ნემცოვის მკვლელობით ყველაზე დიდი სარგებელი პუტინმა ნახა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითხოს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია იაშინმა განაცხადა. "ნემცოვი პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი იყო. მისი დაღუპვით ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ პუტინმა ნახა. მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ კრემლის ლიდერს ეკისრება, რადგანაც ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ატმოსფერო მან შექმნა და ოპოზიციის ლიდერები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა. სწორედ ამ სიძულვილით იყო მატერიალიზებული ის ტყვიები, რომლითაც ჩემი მეგობარი ბორისი მოკლეს. პუტინი გამოძიების მიერ, მინიმუმ, უნდა დაიკითხოს მაინც, მაგრამ სანამ ის ხელისუფლებაშია, ეს არ მოხდება,"-აღნიშნა იაშინმა.