"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის აზრით, ლევან გაჩეჩილაძე "თავის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს".
ამის შესახებ სანიკიძემ დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აქვე "დაიცავი საქართველოს" ლიდერი მერყევი პოზიციის გამოც გააკრიტიკა.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, ლევან გაჩეჩილაძე თავის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს... ზოგადად, მერყეობა არ ვარგა პოლიტიკაში, თუმცა ლევანის პოზიცია საკმაოდ რთულია. მას ჰქონდა და დღესაც აქვს სურვილი საერთო კანდიდატზე შეთანხმება მომხდარიყო - თუ შეთანხმება არა, მორიგება მაინც, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა", - განმარტა სანიკიძემ.
ამასთან, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გაჩეჩილაძე თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, მას გამაჯვების მნიშვნელოვანი შანსი ექნება.
"რა თქმა უნდა, კონკურენცია გაიზრდება, თუკი გაჩეჩილაძე თბილისის მერის პოსტზე იყრის კენჭს. ის პოლიტიკაში გავლენიანი ფიგურაა და ბუნებრივია, მას გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსები ექნება. ყოველშემთხვევაში, სხვაზე ნაკლები ნამდვილად არა", - მიაჩნია სანიკიძეს.