აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამას განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერისთვის საჭიროა, რომ თეირანმა ის მინიმუმ 10 წლით მაინც გაყინოს.
ამის შესახებ მან ,,როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა და დასძინა, რომ ირანთან ამ საკითხზე მოლაპარაკების შანსი ნაკლებია, თუმცა სხვა ნებისმიერი ალტერნატივა უფრო უარესი იქნება.
დღეს აშშ-ს კონგრესში სიტყვით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნდა წარსდგეს, რომელიც ირანთან შეთანხმების წინააღმდეგ გამოვა.
ბარაკ ობამას თქმით, ისრაელის პრემიერი მართალი არ იყო, როცა გასულ წელს თეირანთან დროებითი შეთანხმების მიღწევაზე უარი განაცხადა.
,,ნეთანიაჰუმ მრავალი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ეს იქნებოდა საშინელი შეთანხმება, რომ ირანი აქედან 50 მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებდა და მოლაპარაკებას მაინც დაარღვევდა. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ირანს თავისი ბირთვული პროგრამა არ განუვითარებია.” - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ და სანაცვლოდ თეირანს მასზე დაკისრებული სანქციების მოხსნას სთავაზობენ.
დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, თუმცა ოფიციალური თეირანი ამ ფაქტს უარყოფს.