ბორის ნემცოვის მკვლელობას საქართველოს ექსპრეზიდენტიც ეხმაურება. "...მე ვკითხე მას, ეშინოდა თუ არა რუსეთში ცხოვრების, გრძნობდა თუ არა საფრთხეს. მან მითხრა, რომ პუტინი, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს, ციხეში დიდი ხნით არ ჩასვამდა. მე ვუთხარი, რომ მას ციხეზე მეტად მოწამვლის უნდა შინებოდა, მაგალითად, წითელი ღვინის ბოკალში საწამლავის ჩასხმის, რომელიც იმ წუთას ხელში ეჭირა. როდესაც ამაზე მისი რეაქცია და სახის გამომეტყველება დავინახე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე. ამის შემდეგ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ დაასრულებს პუტინი მოღვაწეობას. ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ პუტინი მილოშევიჩის პროტოტიპია, რომელიც გმირად ომმა აქცია და ომმა დაღუპა. დღეს კი, როდესაც ბორისის სიკვდილის შესახებ შევიტყვე, გამახსენდა, თუ როგორ კლავდნენ მილოშევიჩის დროს ოპოზიციონერებს. ბორია იყო ძალიან მამაცი ადამიანი. მასთან შეგეძლო ბევრი გეკამათა, რაღაცეებში არ დათანხმებოდი, მაგრამ მის მიმართ გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებოდი. მე მას 90-იან წლებშიც ვიცნობდი. ბოლო წლებში კი ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, მისი სახით ქვეყნიდან წავიდა სხვა ქვეყნების მეგობარი და ამავე დროს, რუსეთის ნამდვილი პატრიოტი, ძალიან საინტერესო ადამიანი. ძალიან ვწუხვარ,"-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.