22 თებერვალს ტერაქტი ხარკოვში, 10 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ, სამმა ხარკოველმა განახორციელა.
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარემ ვალენტინ ნალივაიჩენკომ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ტერაქტის ორგანიზატორია ხარკოველი პიროვნება, ზედმეტსახელად ,,რიჟი,” რომელიც 2014 წლის ნოემბერში ბელგოროდში იყო ჩასული, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისგან ინსტრუქცია, ფული და ნაღმები მიიღო.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესენი რუსეთის სამხედრო გენშტაბის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ და ტერორისტებმა დავალება, ასაფეთქებელი მოწყობილობა და მკვლელობის საზღაურიც სწორედ მათგან მიიღეს. ხარკოველების სიცოცხლე მათ 10 ათას აშშ დოლარად შეაფასეს.” - განუცხადა ჟურნალისტებს ნალივაიჩენკომ.
მისი თქმით, 22 თებერვალს, მაიდანის მსხვერპლთა პატივსაცემად გამართული მარშის დროს ხარკოვის ცენტრში განხორციელებულ ტერაქტში უკრაინის სამი მოქალაქე, ხარკოვის სამი მკვიდრი მონაწილეობდა.
მათგან, ტერაქტის ორგანიზატორი ,,რიჟი,” ტერორისტული ორგანიზაცია ,,ოპლოტ”-ის და აქცია ,,ანტიმაიდანის” აქტიური წევრია, ერთ-ერთი მისი თანამზრახველი კი - სპეცდანიშნულების რაზმ ,,ბერკუტ”- ის თანამშრომელი.
როგორც ნალივაიჩენკომ აღნიშნა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერქტის მონაწილეებმა ერთმანეთი გასულ წელს, საავადმყოფოში გაიცნეს, სადაც მაიდანზე გამართული შეტაკებისას დაშავების შედეგად მოხვდნენ.