,,ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მინისტრების მოადგილეების შემოსავლებითაც ინტერესდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წელს სხვადასხვა სამინისტროში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება.
IDFI-ის კვლევის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ხუციშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 139 393 ლარს, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს მხოლოდ 32 640 ლარს.
ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის თითოეულ მოადგილეს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს დაახლოებით 102 000 ლარი, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს თითოეულს - 92 000 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდა მთავრობის მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის პერიოდულობა და მაქსიმალური ზღვარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, სამწუხაროდ, აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით წახალისების სისტემის დარეგულირებას და არაფერია ნახსენები სახელფასო დანამატების შესახებ.
IDFI -ის ინფორმაციით, მთელ რიგ საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული დადგენილების გამოცემის შემდგომ პრემიები ჩანაცვლდა სახელფასო დანამატებით და შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავ დასარეგულირებელი დარჩა.
მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის თითოეულ მოადგილეზე მთავრობის N449 დადგენილების მიღებამდე ყოველთვიურად გაიცემოდა 5 500 ლარის ოდენობის პრემია. ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით დაწესდა შეზღუდვები პრემიების გაცემის პერიოდულობასა და ოდენობაზე, ენერგეტიკის სამინისტროში ყოველთვიური პრემიები ჩანაცვლდა იგივე ოდენობის სახელფასო დანამატებით.
,,ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის" ცნობით, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს მთელ რიგ სამინისტროებში მინისტრზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული მათ მოადგილეებს ან სხვა თანამდებობის პირებს. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 81 559 ლარი, მაშინ როდესაც მისი მოადგილის დავით ხუციშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 139 393 ლარი, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის შემოსავალი კი 2014 წლის განმავლობაში 105 920 ლარს გაუტოლდა. მინისტრის შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდი თანხა 2013 წელს მიღებული აქვს აგრეთვე შსს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას - 145 368 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად 2014 წელს მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს აგრეთვე ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ზემოთ მოყვანილი მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემირების, არამედ სახელფასო დანამატის გაცემის სისტემა და რომ თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. რეფორმამ, გარდა ანაზღაურების სისტემისა, ასევე, კომპლექსურად უნდა მოაწესრიგოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, განსაზღვროს საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაცია, უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა და ა.შ.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა შეუწყობს ხელს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.