ხვალ, 19 თებერვალს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში სპექტაკლის „ჭირვეულის მორჯულება" პრემიერა გაიმართება.
უილიამ შექსპირის პიესა „ჭირვეულის მორჯულება" რეჟისორმა ოთარ ეგაძემ ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად დადგა.
„ჭირვეულის მორჯულება", უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პიესა, რომელიც სავარაუდოდ 1590-1594 წწ შორის უნდა იყოს დაწერილი, დრამატურგის შემდგომი კომედიებისაგან მკვეთრად განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ პიესაში ქალისა და მამაკაცის როლები თანაბარი მნიშვნელობისაა, რაც შექსპირის დრამატურგიაში გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს.
ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები 2 მოქმედებაში გაითამაშებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ "ოჯახური თანაცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს", რომელიც საუკუნეების წინ მათი ხნის უილიამ შექსპირმა ხუთტერფიან იამბებად გალექსა.
სპექტაკლში ჟღერს ბრიტანული ფოლკლორი, იტალიური ხალხური სიმღერები და საცეკვაო მელოდიები; ორლანდო გიბონსის მადრიგალი "Drop, Drop Slow Tears" და თომას თალისის ქორალი "If Ye Love me".
სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით დავითულიანი,ზვიად ძულიაშვილი,დავით გიგოლაშვილი,სალომე მიქაძე, გიორგი მოსიაშვილი, გიგა შურღაია,მარეხ კვიჟინაძე და სხვები.
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენები ასევე გაიმართება 20 და 21 თებერვალს.
სპექტაკლის ფინანსური მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.