ქალაქ სოლედარში უკრაინის, რუსეთის, ეუთოს და სეპარატისტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის პრეს-სამსახური იუწყება.
,,დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებთან დაკავშირებული კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივი ცენტრის წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკრაინის მხარეს გენერალ-მაიორი ალექსანდრ როზმაზნინი წარმოადგენს, მის გარდა შეხვედრას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრები, რუსი გენერალ-მაიორი ალექსანდრ ვიაზნიკოვი და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენელი პუშილინი ესწრებიან." - ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გენშტაბში ამბობენ, რომ კონფლიქტის მეორე მხარე დებალცევოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს და ტერიტორიაზე ეუთოს დამკვირვებლებსაც არ უშვებს.
,,ამასთან, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელები მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას არ აძლევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ თავიანთ მეწინავეებთან კავშირს ვერ ამყარებენ." - აცხადებს უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბი.