,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია'' უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურისათვის დადგენილ კრიტერიუმებთან დაკაშირებით გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება, რომელთა თანახმადაც, კანდიდატის პოლიტიკურ პარტიაში საქმიანობის აკრძალვის კრიტერიუმი არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული.
,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები" აცხადებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურისათვის საქართველოს კონსტიტუციით ან სხვა სამართლებრივი აქტებით დამატებითი მოთხოვნები განსაზღვრული არ არის. მასზე, როგორც საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეებზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მოქმედება, რომლის თანახმად: „მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება."
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს ნებისმიერი მოქალაქისათვის სახელმწიფო თანამდებობის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე დაკავების უფლებას. 29-ე მუხლის 1-ლი მუხლის თანახმად: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს." თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისათვის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატად რამდენიმე პირი განიხილება, რომლებიც კონსტიტუციის 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საქართველოს პრეზიდენტმა მხედველობაში უნდა ჩამოაყალიბოს დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ამ კანდიდატებიდან ერთს წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
ორგანიზაცია ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმად სწორედ პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და პრინციპულობას განიხილავს, თუმცა ამისდა მიუხედავად, ასოციაციის აზრით, კანდიდატის შერჩევის პროცესში გადამწყვეტი კრიტერიუმი პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილება არ უნდა იყოს.
,,აღნიშნულ შემთხვევაში განსხვავებული მოპყრობა შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციად, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილება არ გულისხმობს აუცილებლად ძალაუფლების პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ გამოყენების საშიშროებას. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რამდენად ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს უფლებაში ჩარევა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ ისეთი პირის არჩევას, რომელიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყო. მოსამართლედ არჩევის შემდეგ, კონსტიტუცია თავად ადგენს, რომ აღნიშნული თანამდებობა ნებისმიერი სახის პოლიტიკურ საქმიანობასთან შეუთავსებელია."-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.