ადამიანის უფლებათა დამცველები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რომლის მიხედვითაც ლგბტ-ს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ინიშნება. "ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობამ მიაღწია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირთა უფლებათა დაცვისა და საზოგადოებაში მათი თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების საკითხში,"-აცხადებს ლგბტ უფლებათა დაცვის კომისიის დირექტორი ჯესიკა სტერნი. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება ადამიანის უფლებათა კიდევ ერთი ცნობილი დამცველი ჩად გრიფინი, რომლის თქმითაც, ლგბტ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ შეერთებული შტატები დიპლომატიურ მოლაპარაკებებს უფრო გაააქტიურებს იმ ქვეყნებთან, სადაც ლგბტ-ს უფლებები უხეშად ილახება. ლგბტ საკითხთა ელჩი თვის ბოლოს დაინიშნება. მის ვინაობას აშშ სახელმწიფო მდივანი დაასახელებს. ელჩის კანდიდატურას ასენატის თანხმობა არ სჭირდება. ინიციატივა დემოკრატ სენატორს, ედ მარკის ეკუთვნის.