დღეს, 6 თებერვალს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ყოფილი ძალოვანების ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
დაცვის მხარის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს განჩინება არგუმენტირებული არ იყო და დაკავებულთა ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება.
,,მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული გარემოებანი, არასწორად არის შეფასებული გარემოებანი, რაც ჩვენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოში წარვადგინეთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გასაჩივრება," - განმარტავს ფირცხალავას ადვოკატი, დავით ხაჟალია.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანს აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ფირცხალავასთან და ნაკანთან ერთად ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პატიმრობა შეეფარდათ ასევე ყოფილ 9 სამართალდამცველსაც. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს, თუმცა აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას დანარჩენი ბრალდებულები არ ასაჩივრებენ.
მასალის გამოყენების პირობები