ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა ვარაუდობს, რომ საქმე 2-3 კვირაში გაიხსნება. როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატმა განაცხადა საქმე არის ურთულესი და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა მოხდეს კონკრეტული შედეგის დადება.
"პროკურატურაში მოხდა ინფორმაციის გაცვლა. მათ აინტერესებდათ ჩვენს მიერ მიწოდებული ყველა დეტალი, თუკი არის ისეთი, რაც ბატონ იურის არ ჰქონდა მიწოდებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. მე პირადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან მიმართებაში. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ორ-სამ კვირაში ეს საქმე გაიხსნება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.
მასალის გამოყენების პირობები