13 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე დედოფლისწყაროში, დიდი შირაქის ველზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს - „დიდნაურის ნაქალაქარს" მოინახულებენ.
2014 წლის დასასრულს, სატელიტური გადაღებების დეშიფრირების შედეგად, დიდი შირაქის ველზე, სავარგულ მიწის ნაკვეთად გამოყენებულ ტერიტორიაზე, აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება. ნაქალაქარის შიდა ციხე კილომეტრნახევარის სიგრძის გალავნითა და 12 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით არის შემოსაზღვრული.
„დიდნაურის ნაქალაქარის" სამხრეთ ნაწილში, 100 მ/კვ მიწის ფართობზე დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ექსპედიციამ ჩაატარა.
აღმოჩნდა ქვით, თიხითა და ხის მორებით ამოყვანილი, შვიდი მეტრის სიგანის გალავანი და სამი მეტრის სიგანის ჭიშკარი, კარგად მოკირწყლული სავალი ნაწილით. გალავანი მკვიდრ საფუძველზეა დაფუძნებული და რთული შიდა აგებულებით ხასიათდება. ზუსტი არაერთი პარალელი წინა აზიის ცივილიზაციების ნაქალაქარებზეა დადასტურებული.
ექსპედიცია უძრავ კულტურულ ფენებში მოპოვებული კერამიკული მასალით, ნაქალაქარს ძვ. წ. XII-IX სს-ით ათარიღებს.
სატელიტური გადაღებების დეშიფრირების შედეგად, ასევე რამდნეიმე ასეული მეტრის სიგრძის საიდუმლო გვირაბი გამოვლინდა, რომელიც სავარაუდოდ ნაქალაქარის წყალმომარაგების საშუალებას წარმოადგენდა. არქეოლოგების აზრით, სწორედ ამ გვირაბით ქალაქი, იმ პერიოდში შირაქიში არსებული მდინარიდან მარაგდებოდა. გაირკვა სამაროვნის ადგილმდებარეობაც.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის დანგრეული. არქეოლოგების ვარაუდით კატასტროფა ძვ. წ. IX ს.-ში მოხდა.