საფრანგეთში იმ საზოგადოებრივ ობიექტებს, რომელზეც შესაძლოა ექსტრემისტებმა შეტევა განახორციელონ, ათი ათასი სამხედრო პირი დაიცავს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პარიზში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და ძალოვანი ორგანოების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე უსაფრთხოების ნორმებსა და ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელეს, რაც გასულ კვირას პარიზში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა განაპირობა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას სამხედრო მოსამსახურეები სამშაბათიდანვე შეუდგებიან.
5 ათასი პოლიციელი და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დაიცავს საფრანგეთში არსებულ 700 ებრაულ სკოლას.
ამის შესახებ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა პირადად აცნობა ერთ-ერთი ებრაული სკოლის მოსწავლეთა მშობლებს, რომელიც პარიზის სამხრეთით, იმ უბანში მდებარეობს, სადაც გასულ ხუთშაბათს პოლიციელი ქალი მოკლეს.
შეგახსენებთ, წინა კვირას ექსტრემისტთა თავდასხმების შედეგად საფრანგეთში 17 ადამიანი დაიღუპა.