ავიაკომპანია ,,ეარ აზიას" კუთვნილი აირბუსის ერთ-ერთი შავი ყუთი იავის ზღვიდან ორშაბათს დილით ამოიტანეს. რამდენიმე საათით გვიან მყვინთავებმა მეორე შავი ყუთის ადგილმდებარეობაც დაადგინეს.
როგორც სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმომადგენლები აცხადებენ, თვითმფრინავის მეორე რეგისტრატორი ზღვის ფსკერზე, 32 მეტრის სიღმეში იმ ადგილის სიახლოვეს იპოვეს, საიდანაც პირველი ჩამწერი აპარატი ამოიღეს.
ამ დროისთვის მყვინთავები მეორე შავი ყუთის ამოტანის ოპერაციას ასრულებენ.
სპეციალისტების მიერ ორივე მათგანის მონაცემის გაშიფვრის შედეგად ავიალაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები დადგინდება.
თუ ჩანაწერები დაზიანებული არ არის, მათი გაშიფვრა ორ დღეში დასრულდება, ხოლო თუ შავ ყუთებს რამე პრობლემა აქვს, მათ შესწავლას, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.
ავიაკომპანია ,,ეარ აზიას" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურში მიფრინავდა, იავას ზღვაში ორი კვირის წინ ჩავარდა.
თვითმფრინავის ბორტზე 155 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
მათგან ამ დროისთვის 48 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.